შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ (FR-21-8081 ) ითვალისწინებს მე-19 ს.-20-ს-ის დასაწყისის თბილისში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური თემების სხვადასხვა სახის აქტივობების, ქალაქში მათი თანაცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობების შესწავლას.
პროექტი ითვალისწინებს მე-19 ს.-20-ს-ის დასაწყისის თბილისში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური თემების სხვადასხვა სახის აქტივობების, ქალაქში მათი თანაცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობების შესწავლა. ისტორიის მანძილზე, ქართველებთან ერთად, არაერთი ეთნიკური და რელიგიური თემი თანაარსებობდა თბილისში, მაგრამ საკვლევად შერჩეული პერიოდი განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის მოსახლეობის უპრეცედენტო ეთნიკური და კონფესიური მრავალფეროვნებით. თბილისი, რომელიც ფართოდ იყო ცნობილი ტრადიციული ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობით, იზიდავდა მიგრანტებს რუსეთის იმპერიის არაერთი მხარიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან. ეს კი ხელს უწყობდა ქალაქის მოსახლეობის განუხრელ ზრდას მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე. სხვადასხვა თემები ინარჩუნებდნენ თავიანთ თვითმყოფადობასა და კულტურას. ამასთანავე კი, ამ თემების თანაარსებობა ქმნიდა ქალაქისთვის დამახასიათებელ უნიკალურ ფენომენს - თბილისის მოქალაქეთა ერთიან სინკრეტულ ურბანულ კულტურას მათი ერთნიკური, რელიგიური თუ სოციალური კუთვნილების მიუხედავად. მე-19 საუკუნის თბილისი წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინტელექტუალურ ცენტრს. ქალაქში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, სპარსელები, რუსები, ევროპელები და ა.შ. (ბუნებრივია, იყო თემებს შორის დაპირისპირების შემთხვევებიც, თუმცა მათი აღმოფხვრა საერთო ძალისხმევით ხდებოდა). ეს სხვადასხვა თემები, ქართველებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალაქის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. საკვლევად არჩეულ პერიოდში თბილისის სომხური თემი, ქართველებთან ერთად, ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო. სომხები წინამავალ როლს ასრულებდნენ ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამასთანავე, თბილისი წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სომხურ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს. მნიშვნელოვან ჯგუფს შეადგენდნენ რუსები. გარდა სამხედროებისა და ქალაქის ადმინისტრაციაში მომუშავე პირებისა, 1820-იანი წლებიდან თბილისში დაიწყო რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეებიდან მოსახლეობის მიგრაცია. თბილისში ცხოვრობდნენ დეკაბრისტებთან კავშირში მყოფი გადასახლებულებიც, ასევე იმპერიული ხელისუფლების მიერ აქ გადმოსახლებული რუსი სექტანტებიც და სხვ. თბილისის მუსლიმური თემი შედგებოდა სპარსელების, აზერბაიჯანელების, ვოლგისპირელი თათრების, თურქების, ჩრდილოკავკასიელებისგან. მათ მოსახლეობის აღწერებში ჩვეულებრივ თათრებად მოიხსნიებდნენ (ანუ, მათ ხშირად აღწერდნენ არა ეთნიკური, არამედ რელიგიური ნიშნით). თბილისში ცხოვრობდნენ ევროპელებიც. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო გერმანული „კოლონია“, დაარსებული თბილისის გარეუბანში, რომელიც შემდგომ ქალაქის ფარგლებში მოექცა. არსებობდა ფრანგების, იტალიელების, პოლონელების მცირე თემებიც. ქალაქში ასევე ცხოვრობდნენ ბერძნები, ებრაელები, ოსები, აისორები და სხვ. მე–19 საუკუნის მანძილზე თბილისი თანდათანობით იძენდა ევროპული ქალაქის იერს. ეს შეეხებოდა საქალაქო ცხოვრების ყველა – სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ასპექტებს. დასავლელ და აღმოსავლელ მოგზაურთა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა აღმოსავლური და დასავლური ტრადიციების შერწყმა ქალაქში და ამ პროცესში თბილისში მცხოვრები ეთნიკური თემების როლი. პროექტის მიზანს შეადგენს თითოეული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის სხვადასხვა სახის (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო) აქტივობების შესახებ მასალების მოძიება, დამუშავება და ერთიან ჩარჩოში მოქცევა. ცალკეული ეთნიკური თემების ესა თუ ის აქტივობა ნაწილობრივ შესწავლილია, თუმცა ერთიანად ამგვარი სამუშაო არ განხორციელებულა და ეს უდავოდ სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს. პროექტი უპირველესად სწორედ იმ სხვადასხვა ტიპის წყაროების (მოგზაურთა თხზულებები, საარქივო დოკუმენტები და ა.შ.) მოძიებას და დამუშავებას ისახავს მიზნად, რომლებიც დღემდე შეუსწავლელია. მუშავდება ასევე უკვე გამოქვეყნებული თხზულებები თუ სხვა ტიპის მასალები. ამგვარად განხორციელებული ამ პერიოდის საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და აღმსარებლობის თემების კომპლექსური შესწავლა, დღევანდელობის გადმოსახედიდან გამომდინარე, უაღრესად აქტუალურია. კვლევის ინტერდისციპლინარულ ხასიათს განაპირობებს აღნიშნული თემების მოღვაწეობის, მათი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესწავლა. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ამგვარი მასშტაბური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდება. ხდება ქართულ, ევროპულ, სომხურ, აზერბაიჯანულ/თურქულ, სპარსულ, რუსულ ენებზე არსებული სხვადასხვა ტიპის წერილობითი წყაროების შესწავლა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხოელ მოგზაურთა ცნობებს მე-19 ს.-მე-20 ს-ის დასაწყისის თბილისის შესახებ. პროექტის განხორციელების საბოლოო მიზანს შეადგენს მე-19 ს.-20 ს-ის დასაწყისის თბილისის ეთნიკური და რელიგიური თემების პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი სრულფასოვანი სურათის წარმოდგენა. ამგვარი პროექტის განხორციელება კი, უდავოდ გაამდიდრებს ქართულ ისტორიულ მეცნიერებას. პროექტის ამოცანები ითვალისწინებს: 1) არსებული და მოპოვებული მასალების დამუშავებას, კლასიფიკაციას და ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას შემდეგი სახის პრინციპების საფუძველზე: ა) ინფორმაციები ცალკეული ეთნიკური თემების მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტების (კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო) - სომხები, აზერბაიჯანელები (თათრები), თურქები, სპარსელები, რუსები, ევროპელები. ბ) ინფორმაციები რელიგიური თემების აქტივობების შესახებ - მუსლიმები, კათოლიკეები, სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი, პროტესტანტები, სხვა რელიგიური უმცირესობები; გ) ინტერეთნიკური და ინტერრელიგიური ურთიერთობები. 2) პროექტის მიზნების და ამოცანების შესაბამისად ჩატარებული კვლევის შედეგად, პროექტის განხორციელების ბოლო წელს გამოიცემა სამეცნიერო კრებული. კრებულში, პროექტის მონაწილეების სტატიების გარდა, შევა პროექტის თემატიკასთან დაკავშირებული უცხოელ და ქართველ მეცნიერთა ნაშრომები. კრებული ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) იქნება. ქართულ სტატიებს აუცილებლად დაერთვება ვრცელი ინგლისური რეზიუმე. დღევანდელ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, ეთნიკურ და კონფესიურ საფუძველზე ხშირი დაპირისპირებების სიტუაციაში, მე-19 საუკუნის თბილისის კომპლექსური შესწავლა, იმ ერთიანი ურბანული სივრცის წარმოდგენა, რომელშიც მშვიდობიანად თანაარსებობდნენ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები და რელიგიების მიმდევრები, ინარჩუნებდნენ საკუთარ თვითმყოფადობას, მაგრამ იმავდროულად ქმნიდნენ ქალაქის ერთიან თემს, მეტად აქტუალურია. ამ თვალსაზრისით მე-19 საუკუნის თბილისი უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს და კულტურათა ურთიერთშერწმის სანიმუშო მაგალითია. ვფიქრობთ, რომ ზემოთქმული კარგი ნიმუშია დღევანდელობისათვის და ამ ტიპის პროექტის განხორციელების შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით სწორი გზით განვითარების დაგეგმისთვის ანგარიშგასაწევი მაგალითი და მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო იქნება. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე.