- გიორგი სანიკიძე

გიორგი სანიკიძე არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებს შეადგენს ახლო აღმოსავლეთის (უპირველესად ირანის) ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა; საქართველოსა და კავკასიის ისტორიული ურთიერთობები აღმოსავლეთის ქვეყნებთან; თანამედროვე ისლამთან და ისლამურ მოძრაობებთან დაკავშირებული პრობლემები; „ორიენტალიზმის“ საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობები. აღნიშნულ თემატიკასათან დაკავშირებით კითხულობს სალექციო კურსებს, სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს სტუდენტებს.
გიორგი სანიკიძე არის 100-მდე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი (წიგნები, სტატიები, სახელმძღვანელოები, კატალოგი, ენციკლოპედიური ლექსიკონი). მის ნაშრომები, საქართველოს გარდა, გამოქვეყნებულია აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტან ეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, იაპონიაში და სხვ. გამოცემულ მაღალ- რეიტინგულ ჟურნალებსა და კრებულებში. მისი ნაშრომებიდან შეიძლება დასახელდეს ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. განსხვავებული რეალობები, განსხვავებული შესაძლებლობები (2022).
გიორგი სანიკიძე მოწვეული მკვლევრის სტატუსით მუშაობდა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში, პარიზი-სორბონა – III და IV უნივერსიტეტებში, ჰოკაიდოს და ოსაკას უნივერსიტეტებში. წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში; იყო მრავალი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი; არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციის წევრი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანული კვლევების ინსტიტუტის მრჩეველტა საბჭოს წევრი.მიღებული აქვს ფულბრაიტის, დიდროს, კარნეგის ფონდის, იაპონიის ფონდის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის კვლევების ასოციაციის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, INTAS-ის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და სხვ. გრანტები და სტიპენდიები. 2012 წელს ირანისტიკისა და ისლამმცოდნეობის დარგებში განხორციელებული კვლევებისთვის მიენიჭა „ფარაბის“ საერთაშორისო პრიზი (ირანი, იუნესკო-ს მხარდაჭერით).
- ირინე ნაჭყებია

ირინე ნაჭყებია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი 1996 წლიდან თანამშრომლობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტთან „ირანის სამყარო“. 1991-2000 წლებში იყო აფრიკისა და აზიის ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი. ი. ნაჭყებია ჩართული იყო საერთაშორისო პროექტში „თბილისი XIX საუკუნეში: ისტორია და კულტურა“ (2001-2003 წწ.). ის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის – ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ (2015-2018 წწ.) ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სხვადასხვა ენაზე და სამი მონოგრაფია: მისი კვლევის თემაა XIX საუკუნეში მოგზაურ ევროპელთა ცნობების შესწავლა საქართველოსა და ირანის შესახებ (დიპლომატიური ურთიერთობები, პიროვნებები, ისტორიული გეოგრაფია, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა).
- მარინე ალექსიძე

მარინე ალექსიძე არის ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ირანისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი.
მარინე ალექსიძის კვლევის სფერო მოიცავს XVIII-XIX საუკუნეების ირან-საქართველოს ურთიერთობების ლიტერატურულ, რელიგიურ და კულტურულ ასპექტებს. იგი ავტორია 35 სტატიისა და 6 წიგნისა, მათ შორის: სპარსელები და სპარსული კულტურა XIX საუკუნის საქართველოში (2009), საქართველო და მუსლიმური აღმოსავლეთი XIX საუკუნეში (2011; ინგლისურ ენაზე), საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში (2016), არფა ად-დოულე და საქართველო (2017, თანაავტორებთან ერთად; ქართულ და ინგლისურ ენებზე). იგი ასევე ავტორია სპარსული პოეტიკის სახელმძღვანელოსი (2018) და თანაავტორი სპარსული ქრესტომათიის მესამე ტომისა (2006).
მარინე ალექსიძე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და საგრანტო პროექტებში, მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, RESEARCH SUPPORT SCHEME-ის, INTAS-ის, FARIG-ის და ბრიტანეთის აკადემიის მიერ დაფინანსებულ პროექტებში.
- ქეთევან ოთარაშვილი

ქეთევან ოთარაშვილი არის აღმოსავლეთმცოდნე-არმენოლოგი. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება არმენოლოგიის სფეროში. თანამშრომლობს და ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში. 1995-1998 წწ.კითხულობდა აღმოსავლეთის ისტორიის კურსს დამოუკიდებელ უნივერსიტეტ „აჭარაში“. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობის პერიოდში, 2004-2008 წლებში, რედაქტირება გაუკეთა და გამოსაცემად მოამზადა ილია აბულაძის მიერ შედგენილი „ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი“ ინვერსიულ საძიებლებთან ერთად. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა საქართველოს ტერიტორიაზე დაბეჭდილი სომხური წიგნისა და პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული აღწერილობა. აღნუსხა სად ინახება გამოცემული ეგზემპლარები.
- თამთა ბოკუჩავა

თამთა ბოკუჩავა არის აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი. იგი არის მკვლევარ ასისტენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და პარალელურად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე. კვლევის ძირითადი არეალი მოიცავს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსებს, მის პოზიციებს რეგიონში, ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ა.შ.